logo
ENG



"გავათენოთ საქართველოსთვის" - რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს 22:00 საათზე განახლდება

12 მაი 202410:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/nlx1s09jhatjsuk.jpg

"გავათენოთ საქართველოსთვის" - დღეს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 22:00 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათენებენ. მომიტინგეები ამ ფორმით გააპროტესტებენ და დახვდებიან პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც ხვალ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონი უნდა განიხილონ. განხილვა 09:00 საათზეა ჩანიშნული.

"საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.

რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ. ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - წერია ღრონისძიების ანონსში.

გუშინ, თბილისში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მასშტაბური ევროპული მარში გაიმართა. მოქალაქეები რუსული კანონის ინიციირებას უკვე 20 დღეზე მეტია მშვიდობიანად აპროტესტებენ. ქართული ოცნების ხელისუფლებამ აქციები არაერტხელ დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანიც დაშავდა, ათობით ადამიანი კი დააკავეს. მმართველი პარტია პროტესტისა და დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად ამბობს, რომ კანონის უკან გაწვევას არ აპირებს.


close დახურვა